Tag Archives: ყველაზე წიგნიერი

უილიამ გოლდინგი – „ბუზთა ბატონი“

ია ბიჩინაშვილი

XI კლასი

175-ე საჯარო სკოლა

 

როგორ შეიძლება მოვაქციოთ კაცობრიობის ზოგადი სახე ერთი შეხედვით აბსულუტურად მარტივი თემატიკის მქონე ისტორიაში? უილიამ გოლდინგი ამას ნებისმიერი კატეგორიის მკითხველისთვის განკუთვნილი რომანით ახერხებს, – „ბუზთა ბატონი“, ასე არქმევს ის თავის პირველ ნაწარმოებს, რომელიც მსოფლიო ბესტსელერი ხდება და რომლის რამდენიმე საინტერესო ეკრანიზაციაც არსებობს. რას ველით წიგნისგან?
ისტორიის ფაბულა მარტივია: ბრიტანელი მოსწავლე ბიჭები ავიაკატასტროფაში ხვდებიან და  უკაცრიელ კუნძულზე ზედამხედველის გარეშე აღმოჩნდებიან. მათ უწევთ ბელადის არჩევა და საკუთარი წესების დადგენა, რადგან კუნძულზე არავინაა და თავის გადარჩენაც, შესაბამისად, დამოუკიდებლად უწევთ.

„-უფროსები საერთოდ არ არიან?
– არა მგონია.
ქერამ ეს სერიოზული სახით თქვა, მაგრამ მალე ახდენილი ოცნებით გამოწვეულმა სიხარულმა სძლია, შუა კლდეზე ყირა გაჭიმა და უკან დახეულ მსუქან ბიჭს ქვემოდან შესცინა:
-უფროსების ჭაჭანება არ არის!“

 სცენა გულუბრყვილო მხიარულებით იწყება. აქამდე შეზღუდულ თავისუფლებას ახლა ვერაფერი მოაქცევს ჩარჩოებში. ბიჭები კუნძულზე მარტონი აღმოჩნდნენ, აქ არ არიან მშობლები და მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ. აქ შეგიძლია აკეთო ის, რაც გსურს.
ბიჭებმა უკან მოიტოვეს უფროსთა გამკიცხავი მზერა და დამსჯელი აპარატები, დასრულდა რუტინული ყოფა, ისინი მხიარულ, ველურ ცხოვრებას ეძლევიან. თუმცა უდარდელი მხიარულება სამუდამოდ ვერ გასტანს…
არჩეული ბელადის მიერ დადგენილი წესები არ სრულდება, მონადირეთა ჯგუფი ძალაუფლებისთვის იბრძვის და კუნძულის ბავშვებს ამოუცნობი „ურჩხულის“ შიში იბყრობს. მალე ბიჭები ცივილურ საზღვრებს ცდებიან, ეს ბუნებრივიცაა, მათ „სჭირდებათ ხორცი“, მისი მოპოვება კი მხოლოდ კუნძულის ტახებზე ნადირობით შეიძლება.

რომანის ყოველი პერსონაჟი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. კუნძულზე მოხვედრილი ბიჭები დამოუკიდებლად ინაწილებენ როლებს, ადგენენ თამაშის წესებს და იბრძვიან გადარჩენისთვის. საინტერესო პერსონაჟია მშვიდობისმოყვარე რალფი, რომელიც ნამდვილი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა. სწორედ მას ირჩევენ დაკარგული ბავშვები ბელადად; ჭკვიანი და მსუქანი ღუტა, რომელიც ურყევი რაციონალურობით ყველას აღიზიანებს და ძალაუფლებისმოყვარე ჯეკი, რომელიც ერთგვარ „სამხედრო გადატრიალებას“ უდგას სათავეში. ეს ერთი შეხედვით მარტივი და კონკრეტული სახეები საინტერესო განსჯის საგნად შეიძლება იქცეს. ბიჭები ცივილიზებულ სამყაროს წარმოადგენენ და სიუჟეტიც კაცობრიობის ისტორიის მოკლე ინსცენირებაა, ერთი განსხვავებით –  აქ მოვლენები ბევრად უფრო სწრაფად და გასაგებად ვითარდება.

მიუხედავად მძიმე სიუჟეტისა, გოლდინგის თხრობის მანერა მსუბუქი და ბუნებრივია,  ავტორი არ თრგუნავს შეცბუნებულ მკითხველს და მეტ დამაჯერებლობას სძენს ისტორიას. საზოგადოებაში მიღებული აზრის საწინააღმდეგოდ, გოლდინგი ბავშვებს არ ბურავს უმანკოების საფარით. მისი ბავშვები კაცობრიობის ისეთივე წარმომადგენლები არიან, როგორც ნებისმიერი ზრდასრული  და პირველყოფილი სისასტიკეც მათში ისევე ადვილად იღვიძებს, როგორც ნებისმიერი ადამიანში. კუნძულზე გატარებული დროის  მანძილზე, მათში თანდათანობით ფერმკრთალდება დანაშაულის გრძნობა, კარგავს აზრს მორალი და ეთიკა.

„როჯერმა პეშვში მოიგროვა ქვები და სროლა დაიწყო. თუმცა ჰენრის გარშემო, დაახლოებით ექვსიარდიან დიამეტრში სროლას ვერ ბედავდა – ჯერ კიდევ არსებობდა ძველი ცხოვრების უხილავი, მაგრამ მძლავრი ტაბუ. ჩაცუცქულ ბიჭს აქეთ-იქიდან იცავდნენ – მშობლები, სკოლა, პოლიცია, კანონი. როჯერის მკლავის მოძრაობას წარმართავდა ცივილიზაცია, რომელმაც ამ ბიჭისა არაფერი იცოდა – ნანგრევებში ჩაფლული ცივილიზაცია.“

 აქ ავტორი რადიკალური ცვლილებებისთვის გვამზადებს, ბიჭები „ჯერ კიდევ“ ატარებენ სინდისის ქეჯნას, რომელიც კარგად ნაცნობმა სამყარომ ჩაუნერგა.
მალე ყველაფერი იცვლება, ბიჭები მონადირის ნიღბის ქვეშ ამოეფარებიან:
ნიღაბი უკვე თავისთავად არსებობდა და ამ არსებას ამოფარებული ჯეკი სირცხვილისგან განთავისუფლებულიყო.“  ბავშვები ქვეცნობიერად აღიარებენ ნიღბიანი სხეულის უპირატესობას, ნიღაბს შეპასუხებას ვეღარ უბედავენ… აქ ირღვევა როლების თავდაპირველი წყობა, კუნძულზე ახალი, ბევრად ძლიერი, „ნიღბიანი“ პერსონაჟები ჩნდებიან.

კუნძულზე დაკარგულ ბავშვებს მუდამ თან სდევთ „ურჩხულის“ შიში. ის ყველგანაა, ყველასა და ყველაფერში. ბავშვების ბრბოსგან მუდამ გამორჩეული საიმონი მისი პირველი მსხვერპლი ხდება. (მას ჯოხზე საგანგებოდ ურჩხულისთვის წამოცმული, ნანადირევი ტახის თავი ელაპრაკება)

„-თქვენ გეგონათ, რომ ურჩხული ისეთი რამეა, რაზეც ინადირებ და მოკლავ?, – თქვა ღორის თავმა.. – შენ კი იცოდი, ასეა? მე რომ თქვენი ნაწილი ვარ? ფარული, ფარული ნაწილი! რომ სწორედ ჩემ გამო არ გამოგივიდათ არაფერი და მოხდა ის, რაც მოხდა?“

 ურჩხულის მოკვლის ველური ჟინით გატაცებული ბავშვების ბრბო შემთხვევითი ტრაგედიიდან გაცნობიერებულ, შეგნებულ დანაშაულამდე ადვილად მიდის. აქ იკარგება ცივილიზაცია, იქმნება ახალი წყობა, სადაც მთავარი – ძალაა.

ღუტა და საიმონი მოკვდნენ, რალფი – განდევნილია, მას ველური ბავშვების ბრბო ალესილი შუბებითა და ყიჟინით მოსდევს, -„იმიტომ, რომ გონება შერჩა.“
ტომში კი ეს არავის სჭირდებოდა.
ალმოდებული კუნძულის კვამლს სამხედრო დანაყოფები ამჩნევენ, ველური ბიჭები ოფიცრის პირდაპირ აღმოჩნდებიან.
რალფი შუაში იდგა და გულამოსკვნილი დასტიროდა უმანკოების დასასრულს, ადამიანის გულში ჩაბუდებულ სიბნელეს, ჰაერში გადატრიალებულ ერთგულ, ბრძენ მეგობარს, ღუტას რომ ეძახდნენ…“

წიგნი მეგობრობის, ტკივილის, ღალატის, იმედგაცრუებისა და მწარე რეალობის შესახებ…
სად არის „ბუზთა ბატონი“?
ალბათ ის ყოველ ჩვენგანშია. თანამედროვე სამყაროც ხომ ომია, – ცივილური ომი…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ლაშა ბუღაძე – ბოლო ზარი

ნუცა ნინუა

XII კლასი

21-ე საჯარო სკოლა

ლაშა ბუღაძის ” ბოლო ზარი” არის წიგნი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ბევრ მკითხველში. ხშირად შევხვედრივარ მოსაზრებას, რომ ეს “გარყვნილი” ნაწარმოები ბავშვებს არ უნდა წავაკითხოთ,როცა ქართველებს დაწერილი გვაქვს ისეთი შედევრები,როგორიცაა “ვეფხისტყაოსანი” და ა.შ.

პირველ რიგში,უაზრობაა ამ წიგნის უზრდელურად შერაცხვა და იმის მტკიცება,რომ ახალგაზრდობას სწორედ მსგავსი ნაწარმოებები აფუჭებს. პირველად,როცა “ბოლო ზარი” წავიკითხე (უნებურად ჩამივარდა ხელში) ძალიან პატარა ვიყავი და გასაკვირი არაა,რომ მხოლოდ ორი რამ დამამახსოვრდა – გინება და ათჯერ ნათქვამი ასპირინი. მეთერთმეტე კლასში რომ ,სრულიად შემთხვევით ისევ წავაწყდი ამ წიგნს და რადგანაც დრო მქონდა,გადავიკითხე. პირველი რაღაც რაც ძალიან მესიამოვნა ,იყო ფაქტი,რომ  ავტორი ჩემს სკოლაში სწავლობდა (21-ე საჯარო სკოლა, ე.წ. “შისტოი”) და გვერდის გადაშლასთან ერთად,ვხვდებოდი რომ 15 (ან მეტი) წლის განმავლობაში თურმე არაფერი შეცვლილა. მწერლის ირონიამ შეუძლებელია,რომ სულ მცირე არ გაგვაცინოს,თუმცა წიგნს მაინც სატირული ელფერი უფრო დაკრავს ვიდრე კომიკური ,იმიტომ რომ აღწერილი ვითარება სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს. ნინჩო ღვანფერიძეები,ნადრიკუჩები,დემურები და ნუციკოები ისეთივე საზოგადო სენი მგონია,როგორიც თათქარიძეობა იყო მეცხრამეტე საუკუნეში (და ,ალბათ,დღესაც). მიუხედავად იმისა,რომ წიგნის კითხვისას ღიმილი არ მომშორებია სახიდან,რადგანაც მის პერსონაჟებში ბევრი ჩემი ნაცნობი ამოვიცანი,დავხურე და დავფიქრდი – როდემდე? ძალიან ბევრ ქვეყანაში,ახალგაზრდობა არის მოსახლეობის ის ნაწილი,რომელიც მუდმივად იბრძვის ცვლილებებისთვის,აპროტესტებს,  ნონ-კონფორმისტია და ა.შ. , ჩვენთან კი 13 წელს გადაცილებული გოგოების უმეტესობა ზრდასრულ ქალს ჰგავს, ბიჭები – სტაჟიან ქურდებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ყველაზე ცუდი ისაა,რომ ეს მოჯადოებული წრე არ იშლება და კარგა ხანია მეორდება ერთი და იგივე. ლაშა ბუღაძე წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერს ნინჩოს გარეგნობით აღფრთოვანებულ მასწავლებლებს, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ე.წ. “ძერსკი” და “უწესო” მოსწავლეები ურჩევნიათ ზრდილობიანებს და ამას ერთი წამითაც არ მალავენ. იქნებ პრობლემა უფროს თაობაში და აღზრდის მეთოდებშია ? ან იმ მოძველებულ ფასეულობებში,რომლებიც კარგა ხნის წინ უნდა გადაგვეგდო სანაგვეზე,თუმცა, ცალსახად მაინც ვერავის დავადანაშაულებთ. გარდა ამისა, კლასში ყოველთვის არის თითოოროლა ბავშვი,რომელიც აღფრთოვანებული არაა სკოლის ვითარებით,მაგრამ მის წინააღმდეგ გაბრძოლებას ურჩევნია შეეგუოს და ნატვრით ელოდოს ჯერ სასწავლო დღის დამამთავრებელ,შემდეგ კი სკოლის ბოლო ზარს. ალბათ სწორედ ასეთი ხალხის გათამამებულია ბუღაძის რომანში აღწერილი პერსონაჟები.

ვინც ამ წიგნს გარყვნილობას ან უაზრობას უწოდებს,ჩემი აზრით, ან სარკაზმის აღქმის უნარი არ აქვს, ან თვითონაც “ბოლო ზარის” გმირების მსგავსია და არ სიამოვნებს საკუთარი თავის გაშარჟება. რა თქმა უნდა, კარგია “ალუდა ქეთელაური”, “სიბრძნე სიცრუისა” და სხვა საკულტო ქართული ნაწარმოებები, მაგრამ ვფიქრობ “ბოლო ზარი” ახალი თაობის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს, რადგან არ დაემსგავსონ უცოდინარ ამაზრზენ ადამიანებს,რომლებსაც ელემენტარული აზროვნების უნარი არ აქვთ.

წელს სკოლას ვამთავრებ. ნაცნობ აღმართზე ასვლა იშვიათად მიწევს,რადგანაც როგორც ყველა აბიტურიენტს, დიდი სიმკაცრით არ გვეპყრობიან და შეღავათს გვაძლევენ,თვეში თუნდაც ერთხელ  იქ მისვლის შემდეგ, უცნაური სიამოვნების გრძნობა მიპყრობს , რომ ცოტაც და თავისუფალი ვიქნები, თუმცა, ნაწილობრივ გულიც დამწყდება ნაცნობ ფურთხის გუბეებზე, სკოლის ირგვლივ მიმოფანტულ სიგარეტის ნამწვებზე და ასობით ერთნაირ სახეზე,რომლებიც ალბათ ცხოვრების განმავლობაში აღარასდროს შეიცვლებიან, სადღაც გულის სიღრმეში კი მექნება იმედი,რომ ეს სკოლა ერთხელაც გაზრდის სხვანაირ ახალგაზრდებს, აი ისეთებს ტვინში “მოლოტოვის კოქტეილი” რომ უტრიალებთ და გაცილებით უფრო ცოცხლები არიან, ვიდრე რამდენიმე ნინჩო ღვანფერიძე ერთად აღებული.

 

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

დათო ტურაშვილი. ,,ამერიკული ზღაპრები’’

ანა ძაძამია

VII კლასი

24-ე საჯარო სკოლა 

 

 

,,მხოლოდ შტატებში ჩასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ამერიკა, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც რეალობასა და ოცნებებს შორის ზღვარი არ არსებობს’’… ეს სიტყვები ,,ამერიკული ზღაპრების’’ პროლოგში გვხვდება. ‘’ამერიკული ზღაპრები’’ თანამედროვე ქართველ მწერალ დათო ტურაშვილს ეკუთვნის. წიგნი იმ შორეული, საოცნებო ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი წყდება.
მწერალმა ასი დღე გაატარა ამერიკაში, საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამთ. ასი დღის მანძილზე: ძველი შეყვარებულის პოვნა, კურტ ვონეგუტთან საუბარი, თერთმეტი სექტემბრის ხილვა და ალბათ რაც ყველაზე მთავარია, მოესწრო გაეცნო და შეყვარებოდა მომღერალი და მწერალი პიეტა ბრაუნი.
ალბათ წიგნის მთავარი ხიბლი ისაა რომ: ვერ ხვდები სად სრულდება გამონაგონი და სად იწყება რეალობა. ყველაფერი იმდენად ზღაპრულ ფერებშია დახატული რომ: მართლაც ირეალური გგონია ოკეანის გაღმა არსებულ ჯადოსნურ ქალაქში მოხვედრა. თუმცა: ეს ყველაფერი თერთმეტ სექტემბრამდე… წიგნის იმ მონაკვეთში სადაც ტერორისტული აქტის შესახებაა საუბარი, ყველანი ვხვდებით რომ იქაც- უზარმაზარ და ჯადოსნურ ქალაქში, მსოფლიოს ცენტრში და აქაც- მშობლიურ საქართველოში ტკივილს ყველანი ერთნაირად განვიცდით. ერთნაირად გვტკივა ყველგან…
და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, წიგნის ფინალში მწერალს აღარ ეჩქარება, იცის მისი თვითმფრინავი სად დგას…
***
ბარგი ჯერ არ მქონდა ჩაბარებული და ჩანთაზე ჩამოვჯექი. ჯერ ბილეთს დავხედე, მერე კი მაინც მოვძებნე ქალაქი ჩიკაგო რეისების ჩამონათვალში და მივხვდი რომ სწორი გადაწყვეტილება ახლავე უნდა მიმეღო.
წამოვდექი და ბარგი ჩავაბარე. სასაზღვრო და საპასპორტო კონტროლი გავიარე და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია ოფიციალურად დავტოვე. მერე ჩემი რეისის მოსაცდელი მოვძებნე და ფანჯარასთან ახლოს დავჯექი.
უკვე აღარ მეჩქარებოდა – ჩემი თვითმფრინავი იქვე იდგა…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

სიუზენ კოლინზი. “შიმშილის თამაშები.კაჭკაჭჯაფარა”

მარიამ ჩახვაძე

IX კლასი

მე-10 საჯარო სკოლა

ვიხსენებ დღეს როცა პირველად წავიკითხე სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშები”.ისიც კარგად მახსოვს როგორ ვეხვეწებოდი ჩემს ძმას მეორე ნაწილი ეყიდა. მახსოვს დედაჩემის გაოცებული სახე,როცა წინა დღით მოტანილი წიგნი მაგიდაზე დავდე და აღარ მივკარებივარ.

-ნუთუ წაიკითხე?

-კი.

მართლაც,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ფინალი… ფინალი მაინტერესებდა.

“შიმშილის თამაშები”- ეს არის ამერიკელი მწერლის,სიუზენ კოლინზის, შესანიშნავი ტრილოგია. 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ-სახელმწიფოს,პანემს,კაპიტოლიუმი მართავს და ყოველწლიურად შიმშილის თამაშებს აწყობს,რადგან ხალხს შეახსენოს თავისი ძალაუფლება. თითოეული რაიონიდან გოგოს და ბიჭს ირჩევენ ამ თამაშზე გასაგზავნად. სინამდვილეში ეს არ არის ჩეულებრივი გასართობი თამაში,ეს ბრძოლაა არსებობისთვის. უნდა მოკლა,რომ გადარჩე. მე-12 რაიონში ცხოვრობს გოგონა,ქეთნის ევერდინი,რომელიც შიმშილის თამაშების მონაწილე გახდა.ის მოხალისედ გამოვიდა და დის მაგივრად წავიდა თამაშებზე. აი,აქედან იწყება ყველაფერი.

სამყარო უსამართლოა.პანემიც და კაპიტოლიუმიც,შიმშილის თამაშებიც.მაგრამ ამ უსამართლობასთან შეიძლება ბრძოლა.ქეთნისმა ეს მოახერხა.იმ ორი მუჭა ძაღლთუთათი შეძლო პანემის აჯანყება.ნაპერწკალი,რომელიც ყველას გულში არსებობდა,გააღვივა. შიმშილის თამაშები სამუდაოდ დამთავრდა. მთელი პანემი აჯანყდა. აჯანყების მოთავე კი მე-13 რაიონის პრეზიდენტი კოინია,რომელმაც ქეთნისი,აჯანყების სიმბოლო,კაჭკაჭჯაფარა, მხოლოდ გამოიყენა. სინამდვილეში კაჭკაჭჯაფარა კოინისა და სნოუს სატყუარაა. ქეთნისი მიხვდა ამ ყველაფერს,ნუ სნოუს დახმარებით,მაგრამ მაინც და კოინზე შურს იძია.

ფინალმა შემძრა. არ მოველოდი ასეთ დასასრულს. პრიმის სიკვდილი.. აი,ის შეგრძნება,რომ კითხულობ და ყელში ბრაზი რომ გიჭერს და გინდა მოკლა,შენც შური იძიო მასზე…. ეს ბუნებრივია.

კითხულობ და თვალწინ წარმოგიდგება ყველა სცენა. შენ გონებაში ცოცხლდებიან პერსონაჟები. მომენტი როცა ქეთნისი და გეილი ერთად არიან. მეგონა ეს წყვილი ერთად იქნებოდა,მაგრამ ავტორს სხვანაირად გადაეწყვიტა დასასრული,თუმცა,სულაც არ დამრჩენია უკმაყოფილების გრძნობა. პირიქით, მომეწონა ძალიან.

“ჩვენმა შვილებმა არ იციან,რომ სასაფლაოზე თამაშობენ.”-ამის წაკითხვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

“ერთ დღეს მათთვის ჩემი კოშმარების შესახებ სიმართლის გამხელა მომიწევს.როგორ გაჩნდნენ კოშმარები და რატომ არასდროს ქრებიან;ვეტყვი იმასაც,რომ ხანდახან დილით ვიღვიძებ და სიცოცხლის ხალისი აღარ მაქვს,რადგან მეშინია,რომ ყველაფერს დავკარგავ.ასეთ დღეებში გონებაში ყველა იმ სიკეთეს ჩამოვწერ,რომელთა მომსწრეც პირადად ვყოფილვარ.ერთგვარი თამაშია,რომელიც გამუდმებით მეორდება.ამ ოცი წლის განმავლობაში ცოტა მოსაწყენი გახდა.

თუმცა,უარესი თამაშებიც არსებობს.”

მხოლოდ ამ დასასრულისთვის ღირდა ამ ნაწარმოების წაკითხვა.

ჩემი აზრით,საერთოდ,როცა რაიმეს წაიკითხავ,იმან რაიმე უნდა შეგმატოს,რაიმე ახალი უნდა დაგანახოს და გასწავლოს. ეს შეძლო “შიმშილის თამაშებმა”. ამ წიგნმა შემცვალა კიდევაც.დავინახე ცხოვრების უსამართლობა,რომელიც ჯერ არ შემიგრძვნია და უფროსი თაობისგან გამიგია.მასწავლა როგორი უნდა ვიყო.ქეთნისისავით ამაყი,გამბედავი,თავდაჯერებული და ძლიერი. მშურს რაღაცნაირად ქეთნისის და ვისურვებდი მისნაირი ვყოფილიყავი.

გირჩევთ წაიკითხოთ!დამიჯერეთ მოგეწონებათ.

და თუ ვერაფერს ვერ ისწავლით ამ ნაწარმოებიდან,წაკითხულ წიგნთა სიას მაინც შეემატება.

აი,ისეთი წიგნია,რომ წაიკითხავ და სულ თავში გიტრიალებს,შენთვის რომ ბუტბუტებ ხოლმე სიტყვებს ნაწარმოებიდან….

და ხანდახან ვფიქრდები რა მოხდებოდა მართლაც რომ არსებობდეს შიმშილის თამაშები?!

არ ვიცი, იმედია ეს არასდროს არ მოხდება.

1 კომენტარი

Filed under Uncategorized

უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი

მარიამ გოლაშვილი

X კლასი

23-ე საჯარო სკოლა

გოლდინგი – ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერალია. ის ყველაზე უბრალო და ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა, თავად მასწავლებლად მუშაობდა, ერთი სიტყვით, მის ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ იყო. მანამ, სანამ არ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სწორედ მან შეცვალა მის ცხოვრებაში ყველაფერი. უილიამ გოლდინგი სამხედრო-საზღვაო ფლოტზე მსახურობდა და აქ მან ბევრად უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა, ვიდრე მთელი მისი განვლილი ცხოვრების მანძილზე. “მან ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა – ამბობდა გოლდინგი – მე ნელ-ნელა ვიაზრებდი, თუ რაზე იყვნენ წამსვლელი ადამიანები. საიდან გაჩნდა მეორე მსოფლიო ომი? ის დაიწყეს უცხო წარმომავლობის არსებებმა, არაადამიანურმა ძალებმა?… თუ მისი წამომწყებნი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვეულებრივი თვალებით, ხელებით და ადამიანური გულით?”

გოლდინგმა, რომელიც ლიტერატურით დაინტერესებამდე მეცნიერებას შეისწავლიდა, გადაწყვიტა უფრო ღრმად ჩასწვდომოდა იმ იდუმალებით მოცულ საკითხს, რომელსაც ადამიანების სისასტიკე ჰქვია და სწორედ ეს გახდა მთავარი იდეა მისი პირველი რომანისთვის, რომელიც მან ომის შემდგომ დაწერა -“ბუზთა ბატონი” ეს არის ნაშრომი, რომელიც გვიჩვენებს რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანები საზოგადოებას გამოეყოფიან და არ იარსებებს არანაირი აკრძალვის მექანიზმი.

რომანში მოქმედება დაუსახლებელ კუნძულზე მიმდინარეობს, სადაც 13 წლამდე ბავშვები სულ მარტო აღმოჩნდებიან. მთავარი გმირები არიან რალფი და ჯეკი. ორივე ბუნებით ლიდერი, მაგრამ ამავე დროს სრულიად განსახვავებულნი. ჯეკი – დადაუნდობელი, ცივი და სასტიკი. რალფი – უფრო რბილი და მგრძნობიარე. კუნძულზე, ზრდასრული ადამიანების გარეშე მოხვედრილი ბავშვები, ცდილობენ შექმნან საკუთარი საზოგადოება. ზედმეტი “უფროსების” და მათი სულელური წესების და მოთხოვნების გარეშე. თავდაპირველად მათი ლიდერის ძალაუფლება კი რალფს ენიჭება, რაც ჯეკს დიდად არ ახარებს. ის თავადაც არ იქნებოდა წინააღმდეგი ეს ადგილი დაეკავებინა. მითუმეტეს, რომ მას უკვე ჰყავს პატარა ამალა – ის ბავშვების პატარა ჯგუფის ლიდერია. სწორედ ამ ჯგუფიდან ის შექმნის მონადირეთა ხროვას, რომელთაც მობეზრდათ ხილით კვება და თვალის დევნება ცეცხლისთვის, რომელიც ბიჭებმა იმ იმედით დაანთეს, რომ გამვლელები შეამჩნევდნენ და გადაარჩენდნენ.

ნოველაში აღსანიშნავი და საინტერესოა ის, თუ როგორ დახვეწილად იშლება ბიჭების სამოთხე კუნძულზე და თუ როგორ შეიძლება შიშის ფაქტორის გამოყენება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ.

ჩემთვის ძალიან საინეტერესოა ის ფაქტი, რომ გოლდინგი ნაწარმოებში არასოდეს გვიჩვენებს დროის ჩარჩოებს. ეს საოცრად დამაინტრიგებელია და ბადებს კითხვას: მაინც რამდენ ხანს შეძლეს ბიჭებმა წესრიგის შენარჩუნება?

მას შემდეგ, რაც ჯეკმა პირველად მოკლა ღორი, ბიჭებში რაღაც იღვიძებს, რაღაც უცნაური გრძნობა, რისი კონტროლიც მათ არ შეუძლიათ.

უილიამ გოლდინგი გვიზიარებს ეპიკურ თავგადასავალს, რომელმაც შესაძლებელია კანკალი და შიში გამოიწვიოს. ის გვიყვება რა ხდება მაშინ, როდესაც მოვლენები ცუდად ვითარდება, უშვებთ შეცდომებს, რომლებიც ვეღარ გამოსწორდება და თქვენ უკვე ხართ “….. არა კუნძულზე მოთამაშე ბიჭები, არამედ მტაცებელთა ხროვა”

სუსტებს მალე იმონებენ, დაუცველებით მანიპულირებენ, განსხვავებულებს ამცირებენ და ანადგურებენ. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების იდეალურ სურათს ვერ იღებ, შენ ხდები იმ ყველაფრის მონაწილე რასაც ისინი განიცდიან: შენ გრძნობ მათ შიშს და თავს მათ გვერდით წარმოიდგენ, რაღაც უცნაური გრძნობა შიგნიდან გღრღნის, მაგრამ ფურცვლას მაინც აგრძელებ. შენ გძულს ის არსებები რომელთა შესახებაც კითხულობ, მაგრამ მათი მიტოვება არ შეგიძლია, არ შეგიძლია ისინი სასიკვდილოდ გაიმეტო.

ჯეკს და მის მეგობრებს სისხლის წყურვილი და დაუნდობელი სისასტიკე მართავთ. ჯეკის სისასტიკე იმ დონეს აღწევს, რომ ის არა მხოლოდ ღორების, არამედ მისი თანატოლების მკვლელობაზეც გადადის. ის კლავს ყველას ვინც მონადირეთა ხროვას არ მიეკუთვნება. რალფი მარტო რჩება. მისი ყველა მეგობარი მოკლულია.

“ჭუჭყიანი, გაბურძგნული, ცხვირმოუხოცავი რალფი, შუაში იდგა და გულამოსკვნილი დასტიროდა უმანკოების დასასრულს, ადამიანის გულში ჩაბუდებულ სიბნელეს და ჰაერში გადატრიალებულ ერთგულ, ბრძენ მეგობარს ღუტას, რომ ეძახდნენ”

ჯეკი და მისი მომხრეები კუნძულს გადაწვავენ, რალფის პოვნის სურვილით, რომელიც მათ გაექცა. შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ რომანი კარგად სრულდება – ბავშვებს მეზღვაურები გადაარჩენენ, ისინი კვლავ ზრდასრულთა მზრუნველობის ქვეშ არიან და ყველაფერი ლაგდება. მაგრამ შეუძლებელია ვერ შენიშნო ამ დასასრულის საოცარი ირონია. მეზღვაური, რომელიც ზიზღით საუბრობს ბრიტანელი ბიჭების ველურ საქციელზე, თავად არის გამანადგურებელი იარაღი ზრდასრულთა სამყაროში. ამ დროს კი ავტორი სვამს კითხვას, თუკი ბიჭები მეზღვაურებმა გადაარჩინეს, ვინ გადაარჩენს თავად მეზღვაურებს?

მთელი რომანი სავსეა ღრმა აზრებითა და ორაზროვანი ფრაზებით, რომელთა გაგება არც ისე რთულია. ბავშვებზე საუბრით, ავტორი მთლიანად საზოგადოებას განიხილავს – მის ყველაზე მთავარ და საშინელ პრობლემებს.

ბიჭების საქციელში კარგად ჩანს მათი მისწრაფება ყველაფერი ბნელისადმი – იმ ცხოველური ინსტინქტებისკენ, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ბუნებამ ჩადო ჩვენში. რომანის გმირებიც სწორედ ადამიანის განვითარების იმ საფეხურს უბრუნდებიან, როდესაც ისინი უბრალოდ ველური ცხოველები იყვნენ და მზად იყვნენ მოეკლათ, მაგრამ არ ეფიქრიათ.

ჩემი აზრით ჯეკისა და რალფის დაპირისპირება არ არის უბრალოდ ბიჭებს შორის კონფლიქტი ძალაუფლების გამო, ეს არის კეთილისა და ბოროტის შეჯახება. გოლდინგი საუბრობს იმის შესახებ, რომ რეალურ ცხოვრებაში კეთილი ყოველთვის ვერ ამარცხებს ბოროტს და ნაწილობრივ მასაც უწევს საქმეში მუშტების ჩართვა და ბრძოლა..

ყველაზე მთავარი ცხოვრებისული გაკვეთილი, რაც ავტორს სურდა ჩვენთვის მოეწოდებინა რომანით “ბუზთა ბატონი” არის ადამიანურობის გაკვეთილი – ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის დავრჩეთ ადამიანებად და ვიცხოვროთ ისე როგორც ადამიანს შეჰფერის. სწორედ ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს რომანი მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. მიუხედავად მისი დაძაბული სიუჟეტისა, მას ახალგაზრდობა აუცილებლად უნდა გაეცნოს და დააფასოს, რადგან შესაძლებელია მათ ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედონ.

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

„შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა”

ნიკოლოზ ჯანიკაშვილი

VII კლასი

199-ე საჯარო სკოლა

 

სიუზენკოლინს, როგორც ბევრ პროფესიონალ მწერალს, აქვს თავისი განუმეორებელი სტილი, რომელსაც მას ვერავინ  წაართმევს.„შიმშილის თამაშები“  წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით. მას მარტივად და თვალსაჩინოდ მოჰყავს შედარებები, საოცრად აღწერს თავის გარემოს, გაუაზრებლად შედიხარ მის ფანატაზიასა და პერსონაჟის მდგომარეობასში; იოლად ხვდები მწერლის განცდებს.

წარმოდგენაც კი არ მინდა იმ დღის, თვის ან წლის, როდესაც სიუზენ კოლინზს  მოაფიქრდა ეს ნაწარმოები, რადგან მან უამრავი ტკივილი გამოიარა და თავად შეიგრძნო ეს ტკივილი (მნიშვნელობა არ აქვს ხელოვნურად თუ ბუნებრივად). ის მონაკვეთები,რომელსაც წიგნში აღგვიწერს, შეიძლება შევადაროთ უამრავი ქვეყანის შვილების ცხოვრებას არა „შიმშილის თამაშების“ ჩატარებით, არამედ იმითი, რომ უამრავ ქვეყანაში მდიდარი ჩაგრავს ღარიბს.

„შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარაში“ მთავარი პერსონაჟი კიტნის ევერძინი იბრძვის თავის თანამებძოლეებთან იმისათვის, რომ აღდგეს სამართალი და  მოსახლეობას უფლება ჰქონდეს ჩვეულებრივად იცხოვროს. აღარ შეაწუხოს ეგეოსტმა მდიდარმა ხალხმა და აღარ გაიყვანონ ისინი თავის მოსაკლავად შიმშილის თამაშებზე.

ამ ნაწარმოებში წაიკითხავთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი და როგორ ცდილობდნენ თავისი ცხოვრების გამოსწორებას. მათგან ყველა ხვდებოდა  წუწუნით საქმეს ვერ უშველიდა.

ამ ნაწარმოების წაკითხვით თქვენ ისწავლით ცხოვრების დაფასებას.ამიტომაც გირჩევთ, წაიკითხოთ ეს საოცარი ნაწარმოები ყმაწვილებმა, მოზარდებმა და დიდებმა.

 

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

უილიამ გოლდინგი – „ბუზთა ბატონი“; ლაშა იმედაშვილი – „თბილისური ამბავი“

თემო სვანიძე

VII ლასი

199-ე საჯარო სკოლა 

 

არ არსებობენ წმინდა ადამინები! არ არსებობენ ანგელოზები! უილიამ გოლდინგი გვინგრევს უდიდეს წმინდა აზრების კოშკებს და მთელი ნაწარმოებით გვეუბნება ამ ორ წინადადებას. წმინდა ადამინები მხოლოდ ზღაპრებში არიან, ხოლო ჩვენს რეალისტურ სამყაროში ისინი არც კი არსებობენ. ყოველ ადამიანშია ეს ამოუცნობი, ბოროტი ძალა, რომელიც თვალზე ხელს გაფარებს, გაბრმავებს, გიშავებს ცხოვრებას და ისე გბოჭავს, რომ ვერც კი ინძრევი. თქვენ გჯერათ ანგელოზების? ალბათ ვერც კი დაიჯერებთ ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ. სატანა მხოლოდ ამ წიგნის პერსონაჯებში არ არის. ის ჩემშია, თქვენშია და ყველა ადამიანშია. ის იმალება ლაჩარივით ჩვენს გონებაში და ელოდება ისეთ მომენტს, რომ ამოხეთქოს, დაგვასუსტოს და ცხოვრება დაგვიბნელოს.

ეს წიგნი არის ჩვეულებრივ მოზარდ ინგლისის სკოლის მოსწავლეებზე. დაახლოებით ჩემი თანატოლები არიან. ისინი ავიაკატასტროფის შედეგად მოხვდებიან უკაცრიელ კუნძულზე, მე ეს ნაწილი, როდესაც ამოვიკითხე სიმართლე გითხრათ ამ ბავშვების შემშურდა, მაგრამ ჩემი კოშკები ერთი ხელის მოსმით დაინგრა. მათ აირჩიეს ლიდერი და დაამყარეს მათი აზრით „სამართილანობა“, მაგრამ სხვებმაც იგრძნეს ძალაუფლების სუნი, აყვნენ დემონს, მოწყურდათ ძალაუფლება და ასე მოხდა კუნძულზე დემონის გამეფება. აირჩიეს სხვა ლიდერი, რომელმაც შემოიღო სასტიკი წესები, ვკითხულობდი და ვუყურებდი ამ ბავშვებს, როგორ სასტიკად იქცეოდნენ და დემონით შებოჭილები ვეღარაფერს აკეთებდნენ. დაბრმავებულები ვეღარაფერს სანზღვრავდნენ. მათ სატანას გზა გათავისუფლებული ჰქონდათ და მისი შიშით ვეღარ ახერხებდნენ გზის ჩახერგვას. სამხედროები გამოჩდნენ, მაგარამ ისინიც ომიდან მოსულები.

არ გაგიჩნდათ კითხვა თუ რას იზამენ ისინი შინ დაბრუნების შემდეგ? სიმართლე გითხრათ მეც არ ვიცი, ამას ვერ წვდება ჩემი გონება. ალბათ ისინი ისეთი დაუნდობელნი გაიზრდებიან, როგორნიც არიან. უილიამ გოლდინგმა ამ წიგნით ჩვენი თავი დაგვანახა, ოღონდ უფრო სიღრემისეულად. ეს წიგნი სარკედ გამოიყენა და გვაჩვენა თუ რა იმელება ჩვენი სხეულის შიგნით.                                                    ანგელოზები არ არსებობენ, სატანები კი მეფობენ!

ამით არ მთავრდება ჩემი თემა! ამ წიგნის შემდეგ ცოტა განტვირთვაც მჭირდებოდა და წავიკითხე ლაშა იმედაშვილის „თბილისური ამბავი“. ცოტა არ იყოს დამაწყნარა ამ წიგნმა. ეს აბავია იმ დროინდელ თბილისზეა, როდესაც ერთმანეთში სხვადასხვაგვარი ბრბო იყო არეული. აქ ნახავდით ილია ჭავჭავაძის ლუარსაბის მაგვარ უსაქმურებს, ნახავდით ვითომ შრომისმოყვარე ადამიანებს და იშვიათად შეგხვდებოდათ ნამდვილად გაბედული და კეთილი ადამიანი, მაგრამ „ბუზების მბრძანებელის“ წაკითხვის შემდეგ მათიც აღარ მჯერა.

წიგნი გვამოგზაურებს ძველ თბილისში, გვაცნობს მას და გვანახებს ბევრ „ღირშესანიშნავ“ ადგილებს, როგორიცაა: სალაყბო, ადგილები სადაც ყოველდღე სუფრა იშლებოდა და სხვა მრავალი. ადამიანი მაშინ სმითა და ჭამით ფასდებოდა და არა სიკეთით და შრომით.

წიგნში მოთხრობილია ოპერის დაწვის ამბავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოპერის გადასარჩენად თბილისელებს ხელიც კი არ გაუნძრევიათ მხოლოდ იმიტომ მივიდნენ, რომ შემდეგ ეჭორავათ თუ როგორ დაიწვა მათ საყვარელი შეკრების ადგილი.

მე მათი შემხედვარე პირფერობის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ესეც წიგნი, რომელმაც „დამამშვიდა“.

ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს წიგნები ცხოვრების განმავლობაში უნდა აუცილებლად წამეკითხა. ამ წიგნებმა მასწავლა, ის რაც არ ვიცოდი და დამავიწყა ის რაც ვიცოდი. ყველას გიჩევთ ეს წიგნები წაიკითხოთ, რადგან მეტ რამეს შეიტყობთ და გაიგებთ. ნახავთ რა არის რეალიზმი და რა არის ილუზია. შეიძლება თვენი ილუზიის კოშკები დაანგრიოს, მაგრამ თქვენც მიხვდებით, რომ ეს აუცილებელი იყო და რაც მთავარია არ ინანებთ!

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ბუზთა ბატონი

ნიკოლოზ ბოდაველი

VII კლასი

199-ე საჯარო სკოლა

 

უილიამ გოლდინგის ,,ბუზთა ბატონი” არის ამ მწერლის საუკეთესო ნაწარმოები. ამ ნაწარმოებით მწერალმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბავშვებშიც არის ის ურჩხული (ბოროტება და ამპარტავნება) ჩასახლებული, რომელიც მთელ საზოგადოებაშია. ამ წიგნის სიუჟეტი მკითხველზე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს.
სიუჟეტი კი ასეთია: მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისის სკოლის ბავშვები თვითმფრინავით ჩამოვარდებიან უკაცრიელ კუნძულზე. ისინი მაშინვე აირჩევენ ბელადს და წესებს დაადგენენ. თავიდან ამ წესებს ყველა ემორჩილებოდა, მაგრამ შემდეგ მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდა და უბედურებაც  დაიწყო. ერთ-ერთი ბავშვი ჯეკი ბელადს აუჯანყდა და თავისი ტომი შექმნა. მათ ეგონათ, რომ კუნძულზე ურჩხული იყო და წარმოსახვით  ურჩხულზე ნადირობდნენ. ბავშვებში ამაზრზენმა შიშმა დაისადგურა და თავგზა აებნათ. მონადირებული ღორის თავს ისინი ურჩხულს ძღვნად მიართმევდნენ ხოლმე, იმ იმედით, რომ მის რისხვას გადაურჩებოდნენ. ბავშვები თითქოს ამ უკაცრიელ კუნძულზე დაბადებულ ველურ არსებებად იქცნენ და მათი ინგლისური აღზრდისგან აღარაფერი დარჩა. მათ სასტიკად მოკლეს ორი ბავშვი და გაველურებულები ცდილობდნენ თავდაპირველი ბელადის მოკვლასაც. ეს სისასტიკე შეაჩერა კუნძულზე სამხედროების მოსვლამ, რომლებმაც ბავშვები გადაარჩინეს.
უილიამ გოლდინგის ნაწარმოებიდან ჩანს,  როგორც კი ადამიანები და მათ შორის ბავშვები ხვდებიან უკონტროლო სიტუაციაში მათში თავს იჩენს ფარულად არსებული ბოროტება, რასაც შემდეგ ამაზრზენი შედეგები მოსდევს.  თუმცა ამ ნაწარმოებშიც არის ბოროტების გვერდით სიკეთე. მიუხედავად საშინელი კატასტროფისა პერსონაჟები ღუტა და საიმონი არ ბოროტდებიან და საღად აზროვნებენ.ისინი თავდაპირველი ბელადის – რალფის მეგობრები არიან, ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ და გონივრულ  რჩევებს აძლევდნენ რალფს, კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავალს პოულობდნენ.

ამ ბავშვებში ურჩხულს სიკეთემ სძლია.სამწუხაროდ, გაველურებულ ბრბოს მხოლოდ რალფი გადაურჩა, საიმონი და ღუტა კი მოკლეს.

ამ მოთხრობამ შეიძლება უნებურად, მაგრამ დაადასტურა, რომ ბოროტებასთან ერთად ყოველთვის იარსებებს სიკეთე და ბოროტებასთან ბრძოლა აუცილებელია.

ასე, რომ ყველა ჩემს თანატოლს  გირჩევთ ამ ნაწარმოების წაკითხვას. ეს ნაწარმოები ბოროტებასთან ბრძოლის აუცილებლობას გვასწავლის, რადგან ამ წუთისოფელს ადამიანად შევრჩეთ.

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი

ნანუკა ყიფიანი

X კლასი

51-ე საჯარო სკოლა

არსებობენ ანგელოზები?! ალბათ არა. ადამიანები შეიძლება გარეგნულად ანგელოზები იყვნენ, მაგრამ შინაგანად კი მაინც დემონებად დარჩებიან. შეიძლება დიდი დრო გავიდეს, რამდენიმე ათეულობით წელი, მანამ სანამ ჩვენს დემონს არ გავანთავისუფლებთ, მაგრამ შეიძლება მან უცბად იჩინოს თავი და ისე ამოხეთქოს როგორც ვულკანი ამოხეთქავს ხოლმე.

უილიამ გოლდვინის ,,ბუზთა ბატონი” მოგვითხრობს ბავშვებზე, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვდებიან. თავიდან წიგნი ღიმილის მომგვრელია, შემდეგ შემაშფოთებელი და ბოლოს უკვე საერთოდ შოკის მომგვრელი! კითხვის დროს, სული შემეხუთა, დავიზაფრე… ვუყურებდი ცივილიზებური ბავშვები, როგორ იქცეოდნენ ძალაუფლება მოწყურებულ დემონებად. ვერც კი წარმოვიდგენდი?! არა, პირიქით! სავსებით ლოგიკური იყო, რომ განათლებული და კულტურული ბავშვები, ნამდვილ ურჩხულებად გადაიქცეოდნენ და რატომ მოხდა მასე?! ვისი ბრალი იყო ეს? ჩემი აზრით რალფის, რადგან თავიდან სწორედ მან გადაწყვიტა ძალაუდლების ხელში აღება. ის მართლა ბუზების ლიდერია. და საერთოდ როგორი მწერია ბუზი?! თავისუფალი, რომელსაც არ სჭირდება მბრძანებელი. ასე, რომ რალფის ბრალიც იყო ის საშინელება რაც კუნძულზე დატრიალდა, სწორედ მან მოინდომა ბუზებზე ბატონობა მაგრამ… აქ ზოგადად წამოჭრილია ის, რომ ადამიანის სულში ყოველთვის ცხოვრობს დემონი, რომელიც ინსტიქტების დონეზე აქვს ადამიანს დაყვანილი. ბავშვები, რომლებსაც აზროვნება აღარ შეუძლიათ და მხოლოდ ინსტიქტებს ემორჩილებიან. ამ წიგნში საზოგადოები სახე ჩანს და აბა რა გასაკვირია, რომ ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც ჯერ კიდეც შეუძლია აზროვნება და ხვდება რა არის სწორი და რა არა, გამუდმებით დაცინვის და დამცირების მსხვერპლია, ბოლოს კი თავისივე მეგობრები მოკლავენ. მშვენიერი მაგალითია იმისა თუ როგორ რიყავს საზოგადოება, რომელიც ინსტიქტების დონეზე აზროვნებს, განსხვავებულ და ინტელექტუალ ადამიანებ.

ყველას ვურჩევ რომ ეს წიგნი წაიკითხოს, რათა არ ეგონოს რომ კარგი ადამიანია და ცივილიზებურად აზროვნებს და თუ ჯერ კიდევ მასე გგონიათ დაივიწყეთ! თქვენც ისეთივე ურჩხული ხართ როგორიც დანარჩენები!

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

უილიამ გოლდინგი “ბუზთა ბატონი”

მარიამ ველიაშვილი

X კლასი

165-ე საჯარო სკოლა

 

ნაწარმოებს, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნად ითვლება, რომელმაც დაანგრია რამდენიმე კაცობრიობის საყვარელი მითი და რომელსაც უყოყმანოდ შეგვიძლია ვუწოდოთ კლასიკა, სათაურიც არ აქვს შემთხვევითი. “ბუზთა ბატონი” თარგმანია ძველებრაული ღმერთის ბელზებელის სახელის (ბაალ-ზევუვ, იგივე ეშმაკი ქრისტიანობაში). წიგნი მართლაც მძაფრად მოქმედებს მკითხველის ფსიქიკაზე და თავზარს სცემს მას, მაგრამ საქმე არა ავტორის წერის სტილშია, – არა, გოლდინგს ბევრი უკლია სტივენ კინგამდე – არამედ ის თითქოსდა ბანალური სიუჟეტი, რომელიც ხვდები, რომ რეალობაა და არა მწერლის ფანტაზია.

სიუჟეტი კი ასეთია: ავიაკატასტროფის შედეგად, ბავშვბები ინგლისის სკოლიდან ხვდებიან უკაცრიელ კუნძულზე. ერთი შეხედვით შესანიშნავად ჟღერს, არა? თითქოს უნიკალური შესაძლებლობაა რობინზონ კრუზოსეული თავგადასავლების მოწყობის და სრული თავისუფლების, მაგრამ უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონში” ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება.

ბავშვები მაშინვე იწყებენ თავიანთი წესების შედგენას – დემოკრატიული გზით ირჩევენ ლიდერს, თუმცა მას მალევე შეელახება რეპუტაცია, ბავშვებს ის აღარ მოსწონთ და დემოკრატიაც ნელ-ნელა იწყებს ნგრევას. ძალაუფლებას ხელში იგდებს უფრო ძლიერი ღა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ამყარებს დიქტატურას. თავიდან ის სხვებს იმხრობს თავისუფლებით, შემდეგ კი შემოაქვს უფრო მკაცრი წესები და სასტიკი სასჯელები. პატარები ნელ-ნელა ველურების ტომს ემსგავსებიან. მათში იღვიძებს ურჩხული, რომელიც ყველა ჩვენგანშია დაბუდებული და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ გათავისუფლდეს და გარეთ გამოაღწიოს. ბავშვები კი ამას ვერ ხვდებიან, ვერ ხვდებიან, რომ ურჩხული საკუთარ თავებში უნდა ეძებონ და არა სადმე სხვაგან.

როგორც უკვე ვახსენე, ავტორი ცდილობს დაანგრიოს რამდენიმე მითი. მითი პირველი: ადამიანი მთელი თავისი განსახიერებით კეთილი და გულისხმიერია. ამ ილუზიის შენარჩუნება ალბათ მხოლოღ ტიბეტელ ბერებთან ცხოვრებისას შეიძლება, რადგან მთელი კაცობრიობის ისტორია ამას ცხადად ეწინააღმდეგება. მითი მეორე: ბავშვები პატარა ანგელოზები არიან, რომლებიც სასტიკ და ულმობელ საზოგადოებას არ ეკუთვნიან. სამწუხაროდ, გოლდინგი ამ ილუზიასაც გვიმსხვრევს: ბავშვებიც იმ სოციუმის სრულყოფილი წევრები არიან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. და ეს ჩვენი პატარა რობინზონ კრუზოებიც ამას ამტკიცებენ: ჩაგრავენ სუსტს ღა აგრესიული ლიდერის სულელურ ბრძანებებს ემორჩილებიან, რადგან ეს უფრო საინტერესოდ ეჩვენებათ. შედეგად კი ერთმანეთის ხოცვაზე გადადიან.

არადა, ისინი ხომ ჯუნგლებში გაზრდილი მაუგლები არ არიან, ისინი ინგლისის სკოლიდან არიან, სადაც უკვე მოასწრეს მათთვის დიდი დოზებით ლიტერატურის, ფილოსოფიის და რელიგიის სწავლება. მათ ასწავლეს სიყვარული და გულისხმიერება. მაგრამ რაში სჭირდებათ მათ სუსტის დახმარება, თუ ამას მაინც ვერავინ დაინახავს და ამის გამო ვერავინ შეაქებთ?

ბოლოს, მათ გადასარჩენად დროულად მოვლენ სამხედროები, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც ისინი მოსულან იმედების და სიკეთის სამყაროდან – ირგვლივ ყველგან ომია, რომელიც დამეთნხმებით, არანაკლებ საშინელებაა, ვიდრე ბავშვების ქცევა კუნძულზე. მაგრამ ბევრად უფრო საზარელი სხვა რამაა: ეს ბიჭები გაიზრდებიან, იტრიალებენ საზოგადოებაში, დაიწყებენ მუშაობას, შექმნიან ოჯახებს და ა.შ. ჩვეულებრივი თანამოსაუბრე კი ვერც შეამჩნევს, რომ ეს სერიოზული კაცი ოდესღაც ღორის თავს სცემდა თაყვანს და მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. ხოლო თუ ადამიანს ესეთი რამ არ გადახდენია თავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას წინ არ ელის საშიში აღმოჩენების გაკეთება საკუთარ თავში.

გოლდინგის მსგავსად ბევრი მწერალი ცდილობს გამოიკვლიოს ადამიანის და ბრბოს ფსიქოლოგია, როცა ისინი იზოლირებულნი არიან საზოგადოებისა და სამართლისგან. საერთო დასკვნა კი არადამაიმედებელია. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც შეძლებენ ადამიანურობის შენარჩუნებას ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი არიან.

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized